იურიდიული კონსულტაცია გულისხმობს სამართლებრივ რჩევას ნებისმიერ საკითხზე. 

იურიდიული კონსულტაცია არის უფასო და ამ კონსულტაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს.

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია, როგორც ოფისში მოსვლით, ასევე, დისტანციურად ონლაინ რეჟიმში.

იურიდიული დახმარების სამსახურში კონსულტაციის მისაღებად რაიმე დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის. თუმცა თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, სრულფასოვანი კონსულტაციის მისაღებად უმჯობესია წარმოადგინოთ საბუთები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს სამართლებრივ პრობლემასთან.

იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდგომ, შესაძლებელია საჭირო გახდეს იურიდიული დოკუმენტების მომზადება, რაც გულისხმობს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, როგორიცაა განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.

პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

ბრალდებულს აქვს უფლება:

  • ჰყავდეს ადვოკატი;
  • თავი შეიკავოს კითხვებზე პასუხის გაცემისაგან და გამოიყენოს დუმილის უფლება;
  • დაკავების ან დაპატიმრებისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღოს შესაბამისი წერილობითი დასკვნა.
  • დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება, რაც გულისხმობს:
    • მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები;
    • მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება;
    • მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
    • მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
    • ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სახელმწიფო ენა ან აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც თარჯიმნის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს;
    • დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა;
    • მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
    • სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ასევე უსასყიდლოდ მიიღოს მათი ასლები;
    • მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში;
    • გაასაჩივროს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გადაწყვეტილებები;
    • ბრალდებულს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში ან მისი საქმის სასამართლო განხილვაში.